Friday, September 25, 2009


ვარსკვლავებს რომ გიკრეფ...


ახლა მაისს გაერია სევდა,

გულს ვინ ჩივის, დაეკარგა ფერი…

ისე მინდა შენთან ახლოს ყოფნა,

შენი თბილი, გამოწვდილი ხელი...

რა ლექსები?! ერთგულებაც აღარ...

ცხრა ცას იქით გადამალე ჩვილი...

ეს სიმღერა ნანასავით დამაქვს,

როგორც გულზე დაბნეული ღილი.

ნება-ნება დაგივიწყო იქნებ,_ანდაც,

მინდორ-მინდორ დაგაწიო ფიქრი...

სიზმრად,

იცი,ვარსკვლავებს რომ გიკრეფ

და საწოლთან მზის სხივებად გიშლი?!

ეს ჩემი მზე შენი მზეა, ჩემო -

შენი, ჩემო, ჩემი თვალის ჩინი!..


ცრემლის ლექსი

ცოტაც მაცალე, სიხარულო, ცოტაც მაცალე...
ნელ-ნელა ვკეცავ შენსკენ უვალ ამ ძნელ შარაგზას.
ხელისგულებში ამოსული სითბო მაწვალებს,
მახსენებს იმ თოვლს, - ამოუხსნელს, როგორც ქარაგმას.

ახლა მარტია, უშენობას ვეაპრილები,
მეტყვიან, თოვლი თეთრად პენტავს მთებს და ველობსო!..
ეჰ, უშენცხენოდ ამ ზღაპარში ვერ გავფრინდებით, -
რად მომესაჯა, ქვაზე წაკრულ ჩქამს რომ ველოდო.

ცოტაც მაცალე, სიხარულო, ცოტაც მაცალე...
ეს ცრემლის ლექსი შენი არის, ჩემი – სამარე...
უსიყვარულოდ როგორ ვიყო - ანდა მასწავლე,
თორემ სიჩუმე დამმეხავს და შენ თავს წამართმევს.
საბნად ზეცა მეხურა...

გაივლის წლები,
- ეს დღეც გაქრება,
მოიხვეჭს მტვერის
მჭიდრო ალაფებს...
თუმც ზოგჯერ
შენთან მოვა სახება,
-ჩიტი რომ ფრენით
ფოთლებს ალაღებს...

მოგაგონდება, -
ერთ დროს, ბეღურა,
ფანჯრის რაფასთან, -
დახტის, დაგეძებს...
და იტყვი:
- საბნად ზეცა ეხურა...
მე კი ვუყრიდი
პურის ნამცეცებს...